×
წიგნები
ტანსაცმელი
ფეხსაცმელი
აქსესუარები
საკვები პროდუქტები
სასმელი
თავის მოვლა
ავეჯი & დეკორი
მომსახურება
სხვა
Book & Wine

Rainbow Design ქართული ბრენდია, რომელიც ფერად საწვიმრებს ქმნის და მომხმარებლებს საკუთარ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბრენდის დამფუძნებელი 23 წლის მარიამ ჩიღუნაძეა, რომელიც 2 შვილის დედობისა და სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, საყვარელ საქმიანობას აქტიურად უძღვება. „ყველაფერი დაიწყო 2 წლის წინ, როდესაც შემეძინა პირველი ქალიშვილი. ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა − როგორც საკუთარი თავის, ისე მის წინაშე და გადავწყვიტე თვითგანვითარებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ერთ დღესაც დამებადა იდეა, შემეკერა ხელნაკეთი დეტალებითა და ნახატებით გაფორმებული ლაბადები. მოვიძიე ატელიე, რომელიც ეკუთვნის ნანა არუდაშვილს და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეხსაცმლის დიზაინერია, მისი დიდი გამოცდილება დამეხმარა უფრო მარტივად მიმეღო პროდუქტი, რომლის შექმნაც ასე ძალიან მინდოდა. საქმეში მალევე ჩაერთო დედაჩემი, ეკა კილაძეც და ერთად დავიწყეთ თითოეულ დეტალზე მუშაობა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბევრი ფერის შექმნა მინდოდა. მსურდა ხალხი ფერადი და ბედნიერი ყოფილიყო“, − უზიარებს საკუთარ ისტორიას მარიამი Entrepreneur-ს. ჩანაფიქრის შესაბამისად შესასრულებლად, ლაბადა-საწვიმარზე მუშაობამ საკმაოდ დიდი დრო და შრომა მოითხოვა. მარიამმა პირველი ნამუშევარი გერმანიაში წაიღო. მაშინ ჯერ კიდევ მის მასიურ წარმოებაზე არც ფიქრობდა, თუმცა საწვიმრებით აღფრთოვანებული ჰამბურგელების ქათინაურების შემდეგ, ახალი გეგმები დაისახა. „ერთ დღესაც, ჰამბურგში, როცა ჩავიცვი და გარეთ გავედი, ქუჩაში გამვლელების ზღვა ემოცია, მათი ქათინაურები აღმოჩნდა გარდამტეხი. ისინი მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, რომელი დიზაინერის საწვიმარი მეცვა. მეც დიდი სიამაყით ვპასუხობდი, რომ ეს იყო ჩემი ნამუშევარი და მე ვიყავი საქართველოდან. სხვათა შორის, ბევრმა იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და აღუნიშნავთ კიდეც, რომ ქართველებს, როგორც ხელოვან და ნიჭიერ ხალხს, ისე იცნობენ. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გვემუშავა თავდაუზოგავად ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის“, − იხსენებს მარიამი. ამის შემდეგ კი დაიწყო ფიქრი ბრენდის სახელზე. ამბობს, რომ ბევრი იფიქრა, თუ რა უნდა დაერქმია საკუთარი ნამუშევრებისთვის და რასთან უნდა ყოფილიყო ბრენდი ასოცირებული. გადაწყვიტა, სახელი ცისარტყელასთან ყოფილიყო დაკავშირებული. „Rainbow Design − ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ცისარტყელა ასოცირდება სიახლესთან, მრავალფეროვნებასა და დადებით ემოციებთან. მახსოვს, ბავშვობაში ცისარტყელას გამოჩენას დიდი სიხარულით ვხვდებოდი და სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე. მინდა ჩვენი ნამუშევრები ასეთივე სასიამოვნო ემოციებს აღძრავდეს მომხმარებელში. ჩვენ კი ყოველთვის ვეცდებით, ის, რასაც შევქმნით, იყოს ინოვაციური და ნათელი ფერებით დატვირთული“, − გვპირდება მარიამი და ადამიანების გაბედნიერების მოტივაციით აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მიზნად აქვს დასახული, რომ Rainbow Design-ის ფერადმა საწვიმრებმა წვიმაშიც კი დადებითი განწყობა შეუქმნას ყველას − როგორც მას, ვინც თავად ატარებს ამ საწვიმარს, ასევე გარშემომყოფებს, რომლებსაც ფერადი საწვიმრების მეშვეობით ფერთა პალიტრა გადაეშლებათ თვალწინ. Rainbow Design-ის თითეული საწვიმარი გაფორმებულია სხვადასხვა ნახატით, ორნამენტით და ხელნაკეთი ჯიბით. რამდენიმე მოდელზე ქართველი მხატვრების კომპოზიციებსაც შეხვდებით. ბრენდი ფერად საწვიმრებს თავდაპირველად მხოლოდ ქალბატონებისა და ბავშვებისთვის ქმნიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ უკვე დაემატა მამაკაცებისთვის განკუთვნილი საწვიმრების ხაზიც. როგორც თავად მარიამი, ასევე Rainbow Design, განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც არაერთ ფერად და სასიამოვნო სიახლეს მალე კიდევ შესთავაზებს მომხმარებლებს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც წვიმიან ამინდებშიც სურს განწყობის შენარჩუნება. Rainbow Design-ის შექმნილი საწვიმრები შეგიძლიათ შეიძინოთ Entrepreneur Shop-ზე. 
სრულად ნახვა

ქართული საიუველირო ხელოვნება რომ გამორჩეულია, არაერთი ჩვენამდე მოღწეული არეტეფაქტი თუ სამუზეუმო ექსპოზიცია მოწმობს. ამ უძველესი ტრადიციების თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლება და 21-ე საუკუნის დინამიკურ სტილთან მორგება კომპანია „ცვარამ“ განიზრახა, რომელიც ავთენტური ხასიათის გამორჩეულ სამკაულს გვთავაზობს. იმ შედეგების მიღმა კი, რომელსაც დღეს კომპანია საკუთარი ნამუშევრებით წარმოგვიდგენს, ხანგრძლივი კვლევის, მუშაობისა და ანტიკური საიუველირო ტექნოლოგიების აღდგენის შრომატევადი პროცესი დგას. კომპანია „ცვარას“ შექმნის იდეა უპირველესად იმ საიუველირო ტრადიციებს უკავშირება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VI საუკუნეებში ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე. სამკაულის გამშვენების „ცვარას“ ხერხის თანამედროვე საუკუნეში გადმოტანისა და მისი თანმდევი რთული საიუველირო პროცესების კომპანიად ჩამოყალიბების ფაქტი კი, მეცნიერის, მხატვრისა და იუველირის − ვაჟა ქუთათელაძის 40-წლიანი შრომის შედეგია. მან დაუღალავი სამეცნიერო კვლევებისა და ყოველდღიური ცდების შედეგად, შეძლო აღედგინა და თანამედროვეობაში დაენერგა ის საიუველირო ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მეფეთა და დიდებულთათვის შექმნილ სამკაულში გამოიყენებოდა. ამ ტექნოლოგიების შესახებ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა კი დაკარგული იყო თანამედროვე საქართველოსთვის. მან შეძლო ამ საგანძურის ჩვენთვის დაბრუნება“, − უყვება Entrepreneur-ს მეგი ჩიხრაძე, „ცვარას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. თავად სახელწოდება „ცვარა“ საიუველირო ტექნიკის ამ მეთოდს, სამკაულის მცირე ზომის ბურთულებით გამშვენების გამო ეწოდა. ის ცვარნამის ასოციაციას იწვევს და სახელიც ამ მხატვრული მსგავსებიდან მომდინარეობს. უშუალოდ ცვარნამის ტექნიკა კი ძვირფასი ლითონის უწვრილესი ბურთულებით შექმნილ ფორმას, დიზაინსა და მოხაზულობას მოიაზრებს. ოსტატობის მთავარი პრინციპია, რომ სათითაოდ დამზადებული წვრილი ოქროს/ვერცხლის ბურთულები ასევე სათითაოდ, აუცილებლად ხელით და არა მანქანურად (შედუღებით) უნდა მიერჩილოს (შედუღდეს) ერთმანეთზე ისე, რომ ბურთულებს შორის ჰაერმა იმოძრაოს. აღსანიშნავია, რომ ამ ურთულეს ტექნიკას დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ანგარიშგასაწევი საიუველირო კომპანია არიდებს თავს, ან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მიმართავს მას. „იმ უძველეს საუკუნეებში, რომელსაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები გვითარიღებენ, ფატალურიც კი იყო „ცვარას“ ხერხით სამკაულის შექმნა, ვინაიდან ამ ტექნიკაში ვერცხლისწყალი უნდა გამოეყენებინათ. მისი აორთქლების შედეგად გაბნეული მომწამვლელი აირი კი სასიკვდილოდ მოქმედებდა იუველირების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თანამედროვე „ცვარას“ სახელოსნოს, ვაჟა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა სამკაულის ცვარათი გამშვენების ისეთი ტექნოლოგიური ხერხი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკს აღარ შეიცავს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თანამედროვე „ცვარას“ სახელოსნომ ფრთები შეასხა ანტიკური პერიოდის იუველირთა ოცნებას − დიდხანს და ხარისხიანად ეკეთებინათ საყვარელი საქმე და არ შეეწირათ ჯანმრთელობა მეფე-დიდებულთა სამკაულის შექმნის პროცესისათვის“, − მეგი ჩიხრაძე. მეთოდის განახლების შემდეგ, დიდებული სამკაული ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო ვიდრე „ცვარას“ სამკაულმა ვაჟა ქუთათელაძის სახელოსნოში თანამედროვეობისათვის ხელშესახები ფორმა შეიძინა, მისი დამზადება მხოლოდ ოქროში ხდებოდა. მაღალი ფასის გამო, ის მასობრივად ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა, ხოლო მიზანი, რომელიც უძველესი ტექნიკის გაცოცხლებით მრავალი ადამიანისთვის უმშვენიერესი სამკაულის მორგებას ისახავდა, რაღაც ახალს საჭიროებდა. სწორედ ამ მიზანმა წარმოშვა სრულიად ინოვაციურ ფაზაზე გადასვლის იდეა − „ცვარა ვერცხლში“. ამ იდეის შემოქმედები კი უკვე დავით და ლევან ქუთათელაძეები − ვაჟა ქუთათელაძის ვაჟები, ასევე მხატვრები და ტექნოლოგები, გახდნენ. ძმების ჩართულობითა და ტექნოლოგიური მიგნებებით, კომპანია „ცვარას“ სამკაული ახლა უკვე შეუძლია მოირგოს ყველამ, რითაც კომპანია ძალიან ამაყობს. ძმები „ცვარას“ ყოველდღიურ საქმიანობაშიც აქტიურად არიან ჩართულნი. კომპანია ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია სახელოსნოს გუნდით, სადაც იქმნება და მზადდება სამკაული; გაყიდვებისა და ბრენდინგის გუნდით, რომელსაც დღის სინათლეზე გამოაქვს სახელოსნოს გუნდის მიერ შექმნილი სამკაული; ასევე „ცვარას“ გუნდის კონსულტანტები, რომელთა უშუალო ჩართულობით სხვადასხვა სავაჭრო წერტილში მომხმარებლებისთვის სამკაულის გაცნობა და შეთავაზება ხდება. კომპანია სერიულ წარმოებაში აქტიურად იყენებს ქართული საიუველირო ტრადიციების სხვა ხერხებსაც: მინანქრის სხვადასხვა ფორმა, სევადა, ფილიგრანი. ასევე, თითოეულ სამკაულში კომპლექსურად უმაღლესი ხარისხის ძვირფასი თვლებია გამოყენებული. „ყველა სამკაულში სრული სიზუსტით არის შეზავებული ტექნოლოგიების მრავალფეროვნება ისე, რომ არ იკარგება არცერთი მათგანის ინდივიდუალური ხიბლი და ამავე დროს იდეალურად დგება კომპოზიცია. სწორედ ეს ხდის კომპანია „ცვარას“ სამკაულს ამდენად გამორჩეულსა და უნიკალურს. მასში თავმოყრილია მთელი ჩვენი საიუველირო ტრადიციების მიღწევები. ეს ერთობლიობა იმდენად უნიკალურია, რომ „ცვარას“ სამკაულს ანალოგი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არ გააჩნია“. ამჟამად კომპანიის მაღალი ხარისხის საიუველირო ნაკეთობები საქართველოს მასშტაბით ოცდახუთ გალერეაშია წარმოდგენილი. ასევე, მათ „ცვარას“ პერსონალურ მაღაზიასა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზეც შეხვდებით. უახლოეს მომავალში სამკაულის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე არსებული სხვადასხვა რესურსის ათვისებას გეგმავს. ამის შემდეგ კი სურს ქართული სამკაულის ღირსებები უკვე მსოფლიოს გააცნოს. „უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე მეზობელი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების დაინტერესებულ სეგმენტთან, რაც რეალურ იმედს გვაძლევს, რომ თანამედროვე „ცვარა“ შეძლებს თავისი არსებითი დანიშნულების მწვერვალამდე მიღწევას და მსოფლიო საგანძურის სტატუსით დაიმკვიდრებს თავს ჩვენს პატარა და მშვენიერ დედამიწაზე“. "ცვარას" პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ Entrepreneur Shop-ზე!
სრულად ნახვა

„ანანკე“ საქართველოში დაარსებული ბრენდია, რომელიც საკუთარი ტანსაცმლითა და ჩანთებით ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე ხმას ფართო აუდიტორიას აწვდენს. „ანანკეს“ დამფუძნებელი ნანუკა კაკაბაძეა. ნანუკა პროფესიით სოციოლოგია. თუ საიდან დაიწყო ბრენდის ისტორია, ამის შესახებ ის Entrepreneur-ს ესაუბრა: „ანანკე“ ჩემთვის თავიდან საყვარელი საქმიანობის კეთება იყო. სხვადასხვა დიზაინის შექმნა, რასაც ბებიის დახმარებით ვახორციელებდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საოჯახო სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 2 წელია ფუნქციონირებს და ამზადებს ქურთუკებს, ახლა კი უკვე განსაკუთრებული შინაარსის მქონე ზურგჩანთებსაც. ჩვენი ხელნაკეთი ზურგჩანთების განსაკუთრებულ შინაარსში იგულისხმება მისი სიმბოლური დატვირთვა. ნაქარგი, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს პრობლემის, მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია“.  „ანანკეს“ ზურგჩანთების ტარებით ადამიანებს შეუძლიათ ყველგან გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ბრენდის სახელი შემთხვევით არ არის შერჩეული. სახელი „ანანკე“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ანანკე იყო ქალღმერთი, რომელიც ბუნებაში ურღვევ კანონს განასახიერებდა. შესაბამისად, ზურგჩანთების იდეასთან ის მჭიდრო კავშირშია, რადგან ეხმაურება პრობლემას, რომელიც არღვევს გარკვეულ ბუნებრივ კანონს. იგულისხმება უკანონოდ, ძალადობრივი მეთოდით მითვისებული საქართველოს ტერიტორიები, რომელსაც დამფუძნებელი მხოლოდ დროებით და აუცილებლად შესაცვლელ მდგომარეობად მიიჩნევს. „მე ვქმნი და ვატარებ ამ ზურგჩანთას, იმიტომ, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანებს ვამცნო − არ მივიჩნევ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაკარგულ ტერიტორიებად − ეს საქართველოს ძირძველი კუთხეებია. ასევე, მინდა ვაცნობო ყველას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება. სწორედ ეს წარწერაა დატანილი ზურგჩანთის წინა ნაწილზე, საქართველოს რუკასთან ერთად“, − ეუბნება ნანუკა Entrepreneur-ს. „ანანკეს“ სამიზნე სეგმენტი ასაკის ან რაიმე სხვა მახასიათებლის მიხედვით შეზღუდული არ არის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ატაროს მისი ზურგჩანთა, რომელიც მაღალი ხარისხობრივი სტანდარტის დაცვით, წყალგაუმტარი მასალისგან არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას. აღსანიშნავია, რომ „ანანკეს“ ზურგჩანთები ავიაკომპანია Wizzair-ის ხელბარგის ზომის მიხედვითაა შექმნილი, 40-30-20 სტანდარტით, რათა ადამიანებს ზურგჩანთებთან ერთად, საქართველოსა თუ მსოფლიოს გარშემო, მკაფიო მესიჯებით, თამამად მოგზაურობა შეეძლოთ.
სრულად ნახვა

ილია გეფერიძემ და სოფო ხოსიტაშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს გადაწყვიტეს, საკუთარი ბიზნესი წამოეწყოთ. მაშინ კორპორაციული მუშაკები იყვნენ. ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, ბაზრის კვლევას ატარებდნენ. ცდილობდნენ გაერკვიათ, რამდენად ჰქონდა მათ იდეას პერსპექტივა, როგორი იყო კონკურენტული გარემო ქვეყანაში. კვლევა ადასტურებდა, რომ საქართველოში ქალის ჩანთების წარმოება არ არსებობდა. ნიშა თავისუფალი იყო. ილია და სოფო დიდი ხნის ფიქრისა და ფინანსური რესურსებიის მობილიზაციის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკუთარი წარმოების შექმნის დრო დამდგარიყო. 2014 წლის აგვისტოში პირველადი ინვესტიცია განახორციელეს და დანაზოგით − 12 ათასი დოლარით, დანადგარები შეიძინეს. მაშინ საამქრო სოფელ დიღომში ჰქონდათ. იქაურობა გაარემონტეს და 6 თანამშრომელი დაიქირავეს. წარმატების მოლოდინში, საქმიანობას დიდი ინტერესით შეუდგნენ. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ახალგაზრდა წყვილს წარმოედგინა. „პროცესი ძალიან რთული გამოდგა. რას აღარ ვაკეთებდით, მაგრამ 8 თვის განმავლობაში ისეთი ჩანთა ვერ შევკერეთ, რომელსაც გავყიდდით. ყველაზე პრობლემური მუშახელის პოვნა იყო. როგორც გაირკვა, საფეიქრო საქმეში ბევრი არაფერი გაგვეგებოდა. ამასობაში კი ვყიდულობდით ნედლეულს, ვიხდიდით ხელფასებს“, – იხსენებს ილია. წუნდებული ჩანთები, თავდაპირველად, 5-7 ლარად სააქმროდანვე იყიდებოდა. თავისუფალი ნიშის არსებობა რამდენადაც ზრდიდა მათი წარმატების შანსს, იმდენად სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ქვეყანაში ფიზიკურად არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც ჩანთების მწარმოებლებს პროფესიულ რჩევას მაინც მისცემდა. წარმატების იმედი მაშინ გაჩნდა, როდესაც საამქროში ახალი დიზაინერი აიყვანეს. ნელ-ნელა ჩანთების წარმოების დეტალები შეისწავლეს. 8 თვის შემდეგ კი ისეთი პროდუქტი შექმნეს, რომლის გაყიდვაც შესაძლებელი იყო. წარმოების დაარსებიდან ერთ წელიწადში, ილიამ სამსახური დატოვა და მეუღლეს კომპანიის მართვის საქმეში შეუერთდა. ჯერ კიდევ საწარმოს შექმნამდე, ბაზრის კვლევის პროცესში, წყვილი შეთანხმდა, მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტი შეეთავაზებინა, როგორიც ბაზარზე არ იყო. მაგალითად, ჩანთები გეომეტრიული ფიგურების ფორმით. პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის მასალა და მისაღები ფასი იყო. პირველი ჩანთა 28 ლარად გაყიდეს. იმისათვის, რომ იმპორტული პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე ახალ მოთამაშეს მომხმარებლის ყურადღება მიექცია და სიმპათია დაემსახურებინა, გარანტიით გაყიდვას შეუდგნენ. თუკი მომხმარებელი ჩანთას წუნს აღმოუჩენდა, „გეფერინი“ ნაწარმს იბრუნებდა და თანხას სრულად ანაზღაურებდა. „იმ პერიოდში დაბრუნების რაოდენობა 7%-მდე იყო, ახლა რიცხვმა 0,01%-მდე დაიწია. რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში ჩანთის დაბრუნება უბრალოდ ახირება იყო. თუმცა, დასაწყისში უამრავ შეცდომას ვუშვებდით, გამოუცდელები ვიყავით. იმ პერიოდში დაშვებული შეცდომებიდან კი ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ“. „გეფერინი“ საწყის ეტაპზე თვეში 50 ცალ ჩანთას აწარმოებდა. დღეისათვის რიცხვი 1500-მდეა გაზრდილი. პირველი სახელობითი მაღაზიები „გლდანი მოლსა“ და გამსახურდიას გამზირზე გახსნეს. ოჯახური ბიზნესისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩანთების უმაღლესი ხარისხის ტყავით, ან ტყავის შემცვლელით შეკერვა იყო. მასალა დღემდე თურქეთიდან შემოაქვთ, „ტყავის ძალიან მცირე რაოდენობას რუსთავის საწარმოდანაც ვიღებთ. თუმცა ისინი, ძირითადად, ნახევარფაბრიკატ პროდუქტს ამზადებენ და იტალიაში გზავნიან“. შესაბამისად, თურქეთის ბაზარი „გეფერინისთვის“ ჯერ ისევ შეუცვლელია. „უმაღლესი ხარისხის ტყავს ვიყენებთ. რაც შეეხება ტყავის შემცვლელს, ამ შემთხვევაშიც, ეკოტყავს ვყიდულობთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დერმატინთან, ბევრად გამძლე და ვიზუალურად უფრო ლამაზია. შემადგენლობით კი, ეკოლოგიურად სუფთაა“. ჩანთების წარმოებას საფულე მოყვა, შემდეგ ქამარი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. „ახლა მოთხოვნა ტანისამოსზეა და 2020 წლისთვის სამოსის ხაზსაც გამოვუშვებთ“, – ამბობს ილია. ამ ეტაპზე საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. 17 მათგანი ადმინისტრაციაში მუშაობს. წარმოების 70% ჩანთებს უჭირავს, 20% ფეხსაცმელს, 5% კი აქსესუარებს. საწარმო ნახევრად კონვეერულ რეჟიმში მუშაობს. ამწყობთა და მკერავთა ჯგუფები შეთანხმებულად ოპერირებენ, საბოლოო პროდუქტს კი წუნმდებელი სინჯავს და მაღაზიების თაროებისკენ აგზავნის. „გეფერინის“ პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის. ქართული ნაწარმი სტაბილურად ხვდება ისეთ მასშტაბურ ბაზრებზე, როგორებიცაა რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, ყაზახეთი. კომპანიამ ექსპორტზე გასვლა დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლო. ახალი ბაზრის დაპყრობა, როგორც წესი, ტრადიციული სურათით იწყება: „გეფერინის“ მაღაზიაში რომელიღაც სავაჭრო ცენტრის ან მულტიბრენდული მაღაზიის წარმომადგენელი შედის, იხიბლება პროდუქციით, თავად უკავშირდება კომპანიას და მსოფლიოს კიდევ ერთ წერტილში ქართული ჩანთით მორიგი მომხმარებელი იწონებს თავს. როგორც კი ექსპორტის პერსპექტივა გაჩნდა, ილიამ და სოფომ გადაწყვიტეს საერთაშორისო გამოფენებში მიეღოთ მონაწილეობა. ასე აღმოჩნდა „გეფერინი“ აშშ-ში, Javits Center-ში, შანხაიში. ჰონკონგში გამართულ გამოფენაზე „გეფერინი“ 1000-იდან 12 საუკეთესო მწარმოებელს შორის დაასახელეს. ამ დიდ გამარჯვებას ხელშეკრულების გაფორმება და ჰონკონგში მდებარე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Harbor City-ში ცნობილი ბრენდების გვერდით გახსნილი „გეფერინის“ ბუტიკი მოყვა. „გეფერინი“ პროდუქციის საზღვარგარეთ გასაგზავნად „საქართველოს ფოსტის“ მომსახურება „ავიას“ იყენებს. დღეისათვის ბრენდის გაყიდვების 60-70% სწორედ საერთაშორისო ბაზარს უჭირავს. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ, ბრენდი „თიბისის“ მიერ შეთავაზებულ სერვისს გამოიყენებს და ერთიან ონლაინპლატფორმას შექმნის. რადგან პროდუქციაზე მითითებული ღირებულება ქვეყნისდა მიხედვით ვარირებს, ამ ეტაპზე „გეფერინის“ 9 ვებსაიტი აქვს − ერთი საქართველოში ფუნქციონირებს, დანარჩენი კი ბრენდის საექსპორტო ქვეყნებში. „თიბისის“ მხარდაჭერით შექმნილი ახალი ვებსაიტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ცხრავე საიტი ერთ პლატფორმაში გააერთიანოს. „გეფერინის“ ბრენდით ქალისა და მამაკაცის ჩანთები, აქსესუარები, ქამრები და საბავშვო ჩანთები წარმოებს. პროდუქტის ღირებულება ქართულ ბაზარზე 19-იდან 250 ლარამდე მერყეობს.
სრულად ნახვა

სოფელ შემოქმედში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ზუსტად სამი წლის წინ ერთმა დიდმა ოჯახმა ოცნება აიხდინა. მენაბდეებმა საგვარეულო სახლის მოპირდაპირე მხარეს 2,5 ჰექტარი მიწა შეიძინეს. საუკუნენახევრისწინანდელი, ისტორიული სამოსახლო ამ სამ წელიწადში „მენაბდის მარნად“ გადაიქცა. მენაბდეები მარნის კონცეფციას ფართოდ უყურებენ − საკუთრივ მარნის გარდა, მათთვის იგი აერთიანებს ვენახს, ეთნოგრაფიულ ეზოს და სასტუმროს სერვისს. მენაბდეებისთვის ეს კულტურული პროექტია. ადგილი, სადაც გურულმა ღვინის კულტურამ ახალი სიცოცხლე უნდა იპოვოს. მოუვლელი, ფაქტობრივად მიტოვებული ეზო გასუფთავდა, სიცოცხლით აივსო, გურულ ოდას, ბეღელსა და ნალიას კი ძველებური, ტრადიციული, გურული იერსახე დაუბრუნდა. „მენაბდის მარანმა“ პირველი სტუმარი გასული წლის ივნისში მიიღო. პირველ მოსავალს კი წელს მოიწევს. ბექა მენაბდე ჟურნალ Entrepreneur-ს თავისი ოცნების პროექტზე ესაუბრა. გურული ოჯახის ახდენილი ოცნება შემოქმედი გურიაში მდებარეობს. სწორედ შემოქმედიდანაა წარმოშობით მენაბდეების ოჯახი. ბექა მენაბდის მშობლები ოზურგეთში ცხოვრობენ და სწორედ ისინი არიან ჩართულნი ოჯახური ბიზნესის მოვლა-პატრონობაში ყოველდღიურად. შვილები კი შემოქმედისკენ მიმავალ გზას კვირაში ერთხელ მაინც ადგანან. 2,5 ჰექტარი მიწა 2015 წელს შეისყიდეს. მთელი ბავშვობა ამ ეზოს ცქერაში აქვთ გატარებული. ვაშლის, მსხლის, ლიმონის, ბანანის ხეებით დახუნძლული მამული მთლიანად დაასუფთავეს. ეზოს მოუარეს. უძველესი, საუკუნენახევრისდროინდელი სახლის რესტავრაცია გააკეთეს და წლების ოცნების ახდენას შეუდგნენ – ვენახი გააშენეს. „გურიას ყველა ისე უყურებს, თითქოს აქ მეღვინეობის ტრადიცია განვითარებული არ იყოს. არადა, გურია ყურძნის ჯიშების რაოდენობით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და მევენახეობით ყოველთვის განთქმული რეგიონი იყო“, − ამბობს ბექა. შემდეგ მევენახეობა ჩაიმ და თხილმა ჩაანაცვლა, დღეს გურული ღვინო ქართულ მაღაზიებში მწირადაა წარმოდგენილი. „3 წლის წინ 4000 ძირი ჩხავერი ჩავყარეთ − განთქმული გურული ჯიშის ვაზი. პირველ მოსავალს წელს ავიღებთ, რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს დავწურავთ, თუმცა მომავალში ეს 2-3 ტონამდე გაიზრდება“. ჩხავერი ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია. ტრადიციულად, ჩხავერისგან ვარდისფერ, მსუბუქ ღვინოს ამზადებენ. თუმცა, მენაბდეების ოჯახმა სრულიად განსხვავებული გზით წასვლა გადაწყვიტა. ვიფიქრეთ, არ დავრჩენილიყავით გურული ღვინის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ აღქმაში. ამიტომ ღვინის დაყენების რამდენიმე მეთოდს მივმართავთ. ჩემი ფავორიტი ჭურის ის ვერსიაა, რომელსაც სრულ ჭაჭაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩერებთ, შემდეგ ჭაჭას ვაცლით და შემოდგომაზე ბოთლებში გადაგვაქვს. ლალისფერი, მშრალი და მაღალგრადუსიანი სასმელი გამოდის“. დამწყები მეღვინეები მენაბდეების მთავარი ფოკუსი ღვინოა. მომავალ წელს მიზნად აქვთ დასახული ტონამდე ღვინო დაწურონ, შედეგ კი ქართული ბაზრის ათვისებას შეუდგნენ. ექსპორტზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვენახი სულ რაღაც 3 წლისაა. გეგმაში ბიომეურნეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. „ვენახის მოსავლელად სრულიად ბიოპროდუქტებს ვიყენებთ. ბიომეურნეობის სტატუსის მიღებას ვგეგმავთ.  ბიომეურნეობის  სტატუსის მინიჭებას კი რამდენიმეწლიანი „გამოსაცდელი“ პერიოდი სჭირდება. გარდა ამისა, არც ვაზის დატვირთვა გვინდა, თითო ძირი ვაზიდან მხოლოდ 2-2,5 კილოგრამი ყურძნის მიღებას ვგეგმავთ“. იმისათვის, რომ ღვინის ხარისხი 100%-ით შენარჩუნდეს, ყურძნის თითოეულმა მტევანმა ნიადაგიდან მაქსიმალურად დიდი რაოდენობის რესურსი უნდა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია ყველაზე ჯანსაღი მტევნები შენარჩუნდეს, დანარჩენი კი მოშორდეს. ეს, რასაკვირველია, მიღებული პროდუქტის რაოდენობას ამცირებს, თუმცა ხარისხს ერთიორად ზრდის. ამ დროისათვის მენაბდეების მარანი სტუმრებს შეძენილი, ადგილობრივი ყურძნისგან დაწურული ღვინით უმასპინძლდება. პატარა გურია ერთ ეზოში „მენაბდის მარანი“ ტიპური გურული ეზო-კარმიდამოა. ოდის ტიპის სახლი, უძველესი ნაგებობა, რომელიც სრულად რესტავრირდა, უკვე წელიწადია სტუმრებს იღებს. ტრადიციული იერსახე მაქსიმალურად შეუნარჩუნეს. „ვცდილობდით ყველაფერი, რასაც ეზოში თუ სახლში ვპოულობდით, რესტავრაციის პროცესში გამოგვეყენებინა. ასე იქცა აივნის უძველესი მოაჯირი სკამის საზურგედ. ასე შენარჩუნდა უძველესი გურული ოდის წყობა − ცენტრალურ კედელში ჩაშენებული ბუხრის გარშემო განლაგებული ოთახები 21-ე საუკუნის ყველა კომფორტითაა უზრუნველყოფილი. 5 ორკაციანი ნომერი ტურისტებს მთელი საქართველოდან იღებს. გურული ოდა ხშირად მასპინძლობს უცხოელ ტურისტებს. ძირითადად ევროპიდან, ყველაზე ხშირად კი − გერმანიიდან. გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგება შემოქმედში 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია. მთავარ პრობლემად წლებია წყალმომარაგება რჩება. ცენტრალური მაგისტრალიდან წყალი გურულ სოფლამდე დღემდე ვერ აღწევს. მოსახლეობა, და მათ შორის მენაბდეების ოჯახური ბიზნესი წყალს ჭიდან იღებს. ზაფხულში კი ჭები შრება. „იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო სრულადაა დატვირთული, დღის განმავლობაში 4 ტონამდე წყალი მოგვაქვს. ვფიქრობთ, წვიმის წყალი შევაგროვოთ და ტექნიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. იმისათვის, რომ შემოქმედამდე წყალმომარაგების საკითხი მოგვარდეს, მაგისტრალიდან დაქსელვა 20-30 კილომეტრის მანძილიდან უნდა მოხდეს“. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც კერძო მეწარმე სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება. „მენაბდის მარანში“ 5 ორადგილიანი ნომერია. 4 ნომერი ცენტრალურ ოდაშია განლაგებული, ერთი კი განცალკევებით, ეგრეთ წოდებული გურული „ქუხნის“ შენობაში. ტრადიციული გურული სამზარეულო აქაურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა უზარმაზარ ბაღთან და ხეხილთან ერთად. „20-მდე ჯიშის ვაშლის ხე გვაქვს, 10-მდე მსხალი, ბალი, ალუჩა, წყავი, ზღმარტლი, ლიმონი. ეზოში ბანანის ხესაც კი ნახავთ. უამრავ ჩირსა და მურაბას ვამზადებთ, რითაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით. გვაქვს ტრადიციული გურული სამზარეულო და კულინარიული მასტერკლასები“. გრძელვადიანი გეგმები ამ დროისათვის მენაბდეების ოჯახისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ოჯახის მიერ დაწურული ღვინო ამჟამად მხოლოდ გურული ოდის სტუმრების მოთხოვნას აუდის. „ხშირად ღვინო დეგუსტაციების მოსაწყობადაც კი არ გვრჩება“, − ამბობს ბექა. მენაბდეებისთვის მთავარ პრიორიტეტს ღვინის მარანი წარმოადგენს. თუმცა, სრულად აქვთ გაცნობიერებული, რომ წარმოების პროცესის გამართვამდე დიდი დრო დასჭირდებათ. არსებული გეგმის მიხედვით, პირველი წლის მოსავლიდან დაწურული ჩხავერის რაოდენობამ ტონას უნდა მიაღწიოს. ამის შემდეგ ქართულ ბაზარზე გასვლის შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება. ტურისტული ნაკადები „მენაბდის მარანში“ არ წყდება.  ოჯახური ბიზნესი  რეკლამირების მიმართულებით არ აქტიურობს. ბიუჯეტი სოციალური მედიისთვისაც კი არ აქვთ გამოყოფილი. როგორც ამბობენ, მათ შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მარანში ჩასული სტუმრების ფოტოებიდან ვრცელდება. საერთაშორისო პლატფორმებიდან მხოლოდ www.booking.com-ს იყენებენ. ამ ეტაპზე მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ გურულმა ოდამ საკუთარი თავის შენახვა შეძლოს: კომუნალური გადასახადების დაფარვა, ასევე, „მენაბდის მარნის“ თანამშრომლების ანაზღაურება − ამჟამად მარანში 5 ადამიანია დასაქმებული. გრძელვადიანი მიზნები მარნის აშენება და რესტავრაციისთვის საჭირო ბიუჯეტი მთლიანად მენაბდეების ოჯახის კერძო ინვესტიციაა. როგორც ბექა ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო პროგრამების დახმარება იმ ადამიანებს გამოეყენებინათ, ვისაც ეს თანხა მეტად სჭირდებოდათ, ვიდრე მათ. „ყველაფერი ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ“, − ამბობს ბექა, − „ყველა პროცესში ოჯახის თითოეული წევრი იყო ჩართული. მაგალითად, მთელი ინტერიერი დედაჩემის შექმნილია. დედაჩემი გურიაზე განსაკუთრებულადაა შეყვარებული. თავად თბილისელია, თუმცა დაოჯახების შემდეგ ოზურგეთში ცხოვრობს. ინტერიერის დიზაინზე მან იმუშავა, განსაკუთრებული ხედვა აქვს“. ბექა Socar Gas-ის თანამშრომელია, მეუღლესთან ერთად შემოქმედს თითქმის ყოველკვირა სტუმრობს. ღვინის დაყენების პროცესში ბექა, მისი ძმა და მამა არიან ჩართული. „მენაბდის მარნის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დამოუკიდებლობაა. პირადი ინვესტიცია ოჯახს საშუალებას აძლევს, ბიზნესის განვითარებაზე მშვიდად იზრუნოს. დროითი შეზღუდვები არ დააწესოს, არც საბანკო რეგულაციებზე იყოს დამოკიდებული და არც ინვესტორის დოტაციაზე. თითოეულ მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ვიდრე გურულ ოდასა და მარანს ისეთ სახეს მისცემენ, როგორიც ოცნებებში წარმოუდგენიათ, არაერთი წელიწადი და წარმოუდგენელი შრომა დასჭირდებათ. თუმცა, მარნის გასავითარებლად არც დრო ენანებათ და არც ფინანსური თუ ადამიანური რესურსი. „10 წლის პერსპექტივაში მენაბდის მარნის ქსელი წარმომიდგენია. ვხედავ ჩვენს ღვინოს ქართულ მაღაზიებში, საექსპორტოდ გამზადებულ ბოთლებს, დიდ მოსავალს, ტურისტებით სავსე ეზოს“. გრძელვადიან მიზნებში გომის მთაზე − ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილზე, სახლი-სასტუმროს აშენება და ტურების ორგანიზებაც შედის. თუმცა, უმთავრესი პრიორიტეტი ღვინის წარმოებაა, რომელსაც მაღაზიების თაროებზე მომავალ წელს ვიხილავთ.
სრულად ნახვა

ახალგაზრდა წყვილმა – მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა საკუთარი საქმის წამოწყება მაშინ მოინდომეს, როდესაც საქართველოში სიტყვა „სტარტაპერი“ წარუმატებელ კორპორაციულ კარიერასთან ასოცირდებოდა. არადა, მათი კარიერა წარუმატებლის გარდა ყველაფერი იყო. ლეკო და მარიტა მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდნენ, თუმცა ხისტი სამუშაო დრო, ფიქსირებული ხელფასი და პარასკევი დღის მოსვლაზე ოცნება, დიდად არ ხიბლავდათ. ამიტომ გამუდმებით ფიქრობდნენ, რომ საკუთარი საქმე დაეწყოთ. იდეების დამუშავებას 2014 წელს შეუდგნენ და 2016-ში სტარტი აიღეს. ასე შეიქმნა WWW.INEBE.GE – დიეტური მენიუს ადგილზე მიტანის ვებპლატფორმა. ახალგაზრდა ანტრეპრენერებს უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრა დასჭირდათ, თუმცა ექსპერიმენტებში გათენებული ღამეები უნიკალური ქართული პროდუქტის დაარსებად ნამდვილად ღირდა – WWW.INEBE.GE პლატფორმაა მათთვის, ვისაც ჯანსაღად და დიეტურად კვება სურს. „ბევრ კორპორაციაში გვიმუშავია. ხშირად ვაკვირდებოდით თანამშრომლებს და გავაცნობიერეთ, რომ თუკი ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა და შემოსავლისა, ერთი სული აქვს, როდის მოვა პარასკევი, და მთელი თვე მხოლოდ ხელფასის დღეს ელოდება, ესე იგი ცხოვრებით უკმაყოფილოა და რაღაც უნდა შეცვალოს. გამოსავალი ერთია − უნდა აკეთო საქმე, რომელიც ისე გეყვარება, რომ მზად იქნები მიუძღვნა ნებისმიერი დღე“ – ლეკო შათირიშვილმა და მარიტა გენებაშვილმა კარიერული გზის გადააზრება 2014 წელს დაიწყეს. იქამდე იყო ქორწინება, წარმატებულ კომპანიებში გატარებული წლები, გრენობლის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და დაუსრულებელი მზადება საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. გაითვალისწინეთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც სტარტაპერობა სულაც არ იწვევდა გარშემომყოფებში ისეთ აღფრთოვანებასა და პატივისცემას, როგორსაც დღეს. ჰობი, როგორც ბიზნესიდეა წყვილს საერთო გატაცებები ჰქონდა. ფოტოგრაფიასა და კულინარიას ერთად დაეუფლნენ. „სანამ თავად არ შეეჯახები ჯანმრთელობის პრობლემას, ვერ აფასებ დაბალანსებული კვების მნიშვნელობას. გარკვეულ მომენტში უბრალოდ იძულებული გავხდი, დილით, სენდვიჩის ნაცვლად, შვრიის ფაფა მომემზადებინა“. მარიტა ჯერ მარტივი კერძების სწორად მომზადებაში დახელოვნდა, შემდეგ კი ყოველკვირეულად ახალ-ახალ კერძს ქმნიდა. „ინტერნეტში რა მასალა და სერიალიც კი არსებობდა კულინარიის შესახებ, ყველაფერს ვუყურეთ. თემამ მოგვხიბლა, თან აღმოჩნდა, რომ კარგადაც გამოგვდიოდა“, – იხსენებს მარიტა. ლეკო „ნატახტარში“ მუშაობდა, მარიტა კი „საქართველოს ბანკში“, ელექტრონული კომერციის მიმართულებით. პროფესიულ გამოცდილებას ჰობიც დაემატა და დაიბადა საუკეთესო ჰიბრიდული პროექტის – საკვების ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნის იდეა. კონცეფციაზე მუშაობა წყვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქართულ ბაზარზე Foodpanda-ც კი არ იყო შემოსული. თუმცა, იდეის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდა: „ინებეს“ ბაზარზე გამოჩენისას, უკვე რამდენიმე კომპანია ოპერირებდა საკვების ადგილზე მიტანის სერვისით. „თითქმის 2 წელი დაგვჭირდა ფინანსების მობილიზებისთვის და ვებპლატფორმის შესაქმნელად. სესხი ავიღეთ, კომერციული სამზარეულო ყველა სტანდარტის დაცვით გავარემონტეთ“, – ამბობს ლეკო. საწყის ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეხვდათ. მაგალითად, ელექტრონული კომერციის პლატფორმის ასაწყობად, დიდი კომპანიის დაქირავების ფინანსები არ გააჩნდათ, ამიტომაც რამდენიმე ფრილანსერს მიმართეს, რის გამოც ვებსაიტის შექმნა დროში გაიწელა და საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამ დააგვიანა. „იმ პერიოდში არანაირი საგრანტო პროგრამა არ არსებობდა, რომ სტარტაპის განვითარებაში წაგვხმარებოდა. მაღალი რისკის სესხები დამწყები ბიზნესისთვის საერთოდ არ გაიცემოდა“, – იხსენებს ლეკო და იმასაც გვიმხელს, რომ იპოთეკური სესხის ნაწილი, სახლის რემონტის ნაცვლად, ბიზნესს მოახმარეს. მცდარი ბიზნესმოდელი 2016 წელს www.inebe.ge ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს ლანჩის სამსახურსა თუ შინ მიტანის სერვისს სთავაზობდა. კომპანიას 10-მდე კურიერი ემსახურებოდა. „ინებე“ საკურიერო სერვისის კომპანიას არ იყენებდა − თავად შეიძინეს მოპედები, რომლებითაც მათივე თანამშრომელი კურიერები გადაადგილდებოდნენ. როგორც ლეკო შათირიშვილი ამბობს, საკუთარი კურიერების აყვანა საკურიერო სერვისის ქირაობას მეტი კონტროლის გამო ამჯობინეს. „და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დიდი შეცდომა. ლოგისტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ყოველდღიურ ოპერაციებს გვირთულებდა“. მუშაობის პროცესში გამოირკვა, რომ წყვილი არა ერთ, არამედ ორ ძალიან რთულ ბიზნესპროცესს უძღვებოდა. პირველი კომერციული სამზარეულო იყო, მეორე კი – საკურიერო სერვისი. „2016 წელთან შედარებით, დღეს საკურიერო სერვისების რაოდენობა გაიზარდა, განვითარდა. იმ პერიოდში ისეთი ადამიანის პოვნაც კი ჭირდა, ვინც მოპედის მართვა იცოდა“, – იხსენებს მარიტა. „მოძიებით კი მოვიძიეთ, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მათი მართვა იყო რთული“. მაგალითად, წვიმიან ამინდში, როდესაც შეკვეთების რაოდენობა ერთიორად იყო გაზრდილი, ანტრეპრენერები დილით თანამშრომლებისგან რამდენიმე ზარს იღებდნენ. კურიერები ეუბნებოდნენ, რომ ავად არიან და შინიდან ვერ გამოდიან. წყვილს შეკვეთილი ლანჩების მიტანა საკუთარი და მეგობრების მორიგი შეცდომა უშუალოდ ბიზნესმოდელში დაუშვეს. www.inebe.ge თავდაპირველად სტანდარტულ ლანჩმენიუებს ქმნიდა. მოთხოვნა დიდი იყო. თუმცა, ძირითადი დატვირთვა შუადღის ორსაათიან მონაკვეთზე მოდიოდა. შესაბამისად, როგორც მზარეულებს, ისე კურიერებს, ცაიტნოტში უწევდათ მუშაობა. აქ 2 ტიპის პრობლემა ჩნდებოდა. უპირველესად, შეკვეთის მიტანა გვიანდებოდა, რადგან მზარეულებსაც და კურიერებსაც დიდი დატვირთვით უწევდათ მცირე დროში მუშაობა. „რესტორანსა და კაფეს ერთი დადებითი მხარე აქვს: როდესაც პიკის საათია, კვების ობიექტში რიგს ხედავთ და თავად წყვეტთ, დაელოდოთ თუ სხვაგან წახვიდეთ. ჩვენ შემთხვევაში კი რიგი მომხმარებლისათვის უხილავი იყო. შეკვეთას 30 წუთი ელოდები და გაურკვეველი მიზეზის გამო აგვიანებს. ამ დროს მიზეზს ვერ ხედავ და არც გაინტერესებს. უბრალოდ, ბრაზდები“, – ამბობს ლეკო. მეორე პრობლემა ფინანსური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აქტიური პერიოდი დღის პირველი ნახევარი იყო, წყვილს მზარეულების დაქირავება მთელი დღით უწევდა, რადგან პროფესიონალი მზარეულის 2 საათით აყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით შეკვეთის მცირე დროში მომზადებასა და მიტანას ძალიან ბევრი მზარეული და კურიერი ესაჭიროებოდა. აღნიშნული ფაქტორები სახელფასო ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდიდა. წინასწარ გაუთვლელი ხარჯები ამით არ დამთავრებულა. www.inebe.ge-ს იდეის ჩასახვის წუთიდან, მარიტა და ლეკო შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული საკვები უმაღლესი ხარისხის იქნებოდა. „საუკეთესო მომწოდებლები გვყავს“, – ამბობს მარიტა. მიუხედავად მაღალი ხარისხის პროდუქციის მაღალი ფასისა, ანტრეპრენერებს სურდათ, მათი მენიუ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როდესაც საქმე განფასებამდე მივიდა, წყვილმა ერთი შეხედვით ყველაფერი გათვალა. „მაგალითად, სპაგეტი „კარბონარა“ აიღეთ. მისი ფასი ბაზარზე საშუალოდ 17 ლარია. როდესაც საკვების თვითღირებულება გადავთვალეთ, გაირკვა, რომ შემადგენელი ინგრედიენტების ღირებულება 7-8 ლარს არ აღემატებოდა. მივიჩნიეთ, რომ 17 ლარი ძვირი იყო და ჩვენ შევძლებდით 12 ლარად გაგვეყიდა, მუშაობისას კი უამრავ დაფარულ ხარჯს მივაგენით. სამზარეულოში უზარმაზარი დანაკარგი და ზედდებული ხარჯია, რომელიც, თუკი ღირებულებაში არ ჩადე, ვერ იარსებებ. ახალი ბიზნესმოდელი როდესაც წყვილი ამდენი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მიხვდა, რომ საჭირო იყო სასწრაფო ზომები მიეღოთ. სწორედ აქ გამოიჩინეს პრინციპულობა და შვილივით ნაზარდი ლანჩმენიუების მიტანის სერვისი საერთოდ გააუქმეს. კომპანიამ არსებობა მთლიანად დიეტური მენიუების მიტანის სერვისით ჩაანაცვლა. „ლანჩ-მენიუებმა მთელი ჩვენი რესურსი წაიღო − ემოციურიც, ფინანსურიც. რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ყველა სტარტაპერის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გიწევს აღიარო, რომ რაღაც არ გამოგივიდა და სხვა მიმართულებით უნდა გააგრძელო სვლა. ჩვენც ლანჩებზე უარი ვთქვით და დიეტებზე ვკონცენტრირდით“, – გვიყვება მარიტა. ლანჩმენიუების ჩანაცვლებამ რამდენიმე შეღავათი მოიტანა. რადგან დიეტური მენიუ წინასწარ დაგეგმილი პროდუქტია, კომპანიას შეუძლია ყოველი მომდევნო დღის რაციონი წინა საღამოს გააგზავნოს. აღნიშნულმა ფაქტორმა საგრძნობლად შეამცირა დაქირავებულთა რაოდენობა, შესაბამისად – ხელფასისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც. ექვსიდან სამმა კურიერმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო 10 მზარეულიდან მხოლოდ 5-მა. პიკური დატვირთვის მოხსნამ საკურიერო სერვისიც დახვეწა და არც შემკვეთს ეჩქარება დღის ულუფის მიღება. თუმცა დიეტურ მენიუებზე გადასვლასაც ახლდა პრობლემები. გაჭირდა ისეთი მზარეულების პოვნა, რომელთაც უცხიმო თუ უშაქრო, თუმცა არანაკლებ გემრიელი კერძების დამზადება შეეძლოთ. „უნდა იცოდე, როგორ შეწვა კვერცხი ისე, რომ ტაფაზე ზეთი არ დაასხა. ან როგორ მოამზადო სოუსის ბაზა ფქვილისა და კარაქის გამოყენების გარეშე. ინტერნეტში აურაცხელი მასალა მოვიძიეთ, შევისწავლეთ ყველაფერი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხებოდა. დავიწყეთ ენდოკრინოლოგებთან და დიეტოლოგებთან ერთად მუშაობა“, – იხსენებს მარიტა. ასე შეიქმნა www.inebe.ge-ს დიეტური მენიუების მთელი მრავალფეროვნება: დუკანის დიეტის მენიუ, ექსპრეს-მენიუ, ფიტნეს-მენიუ, ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტა, დედების დიეტა, პრემიერდიეტა. წონის კლების მსურველთათვის და არა მარტო ჯანსაღი კვება მოიაზრებს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კერძების მიღებას დღეში 4-ჯერ, მცირე ულუფებით. ვებსაიტზე არსებული კალკულატორით შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენი კალორია უნდა მიიღოთ არსებული წონის შესანარჩუნებლად, ან დასაკლებად, შემდეგ კი სასურველი მენიუ შეარჩიოთ. თითოეულის ენერგეტიკული შემადგენლობა 1200-იდან 1800 კალორიამდე მერყეობს. დიეტების არჩევანი ისეთია, რომ თითქმის ყველა ტიპის მომხმარებელს ერგება. მაგალითად, თუ ძალიან დიდია ეგრეთ წოდებული დუკანის დიეტა. მისი დახმარებით, პირველსავე კვირაში საგრძნობია შედეგი, რაც მოტივაციასაც უზრდის ადამიანებს, რომ გააგრძელონ დიეტა და უკვე დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ. დუკანის დიეტაში 4 დღე მხოლოდ ცილოვანი პროდუქტითაა გაჯერებული, შემდეგ კი დღეგამოშვებით შემოდის ბოსტნეული. კიდევ ერთი მიმართულებაა პალეო. „პალეო დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადამიანს ჯანსაღი კვებისთვის მხოლოდ ის საკვები ესაჭიროება, რომელსაც ჩვენი წინაპრები პალეოლითის ხანაში მიირთმევდნენ, ანუ ხორცეული, ბოსტნეული და ხილი. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებას მცირე მოდიფიკაცია გავუკეთეთ და მენიუს ძალიან მცირე რაოდენობით ბურღულეული დავამატეთ, რადგან დღესდღეობით ამ ტიპის საკვების მიღება ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მარიტა. ვეგეტარიანული დიეტის შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ბოსტნეულს, თხილეულს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს იღებს. მოკლედ, ყველაფერს ხორცეულის გარდა. სრულიად მცენარეული კვებაა ვეგანური მენიუ, რომელშიც უკვე აღარც რძის პროდუქტები და კვერცხი შედის. ამ დიეტას ხშირად მიმართავენ მარხვის პერიოდში. ერთკვირიანი დიეტის ღირებულება 199 ლარიდან იწყება, მათთვის კი, ვინც ვერ წყვეტს, უღირს თუ არა თანხის 7-დღიან კვებაში გადახდა, შეუძლია Inebe.ge-ს შესაძლებლობები ერთჯერადი გამოწერით გამოსცადოს და საშუალოდ 30 ლარად ერთი დღის მენიუ შეუკვეთოს. შესაძლებელია ასევე 5-დღიანი დიეტის გამოწერაც, თუკი შაბათ-კვირას მომხმარებელი ქალაქიდან გადის, ან უბრალოდ, სურს ე.წ. cheat day მოიწყოს, ანუ მიირთვას ის, რაც მოუნდება. „საერთო ჯამში, საიტზე 5000 უნიკალური მომხმარებელია დაფიქსირებული. არსებობენ ისეთებიც, ვინც პირველსავე დღიდან ჩვენს მენიუს იწერენ და ისეთებიც, რომლებიც ყოველკვირა სხვადასხვა ტიპის დიეტას უკვეთავენ. რა თქმა უნდა ისინიც, ვინც ერთხელ შეუკვეთა და შემდეგ აღარ დაბრუნებულა“, – ამბობს ლეკო. www.inebe.ge დაარსების დღიდან, მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსს იკვლევს. უპირველესად, მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უკმაყოფილო მომხმარებელს ანგარიში გაუწიოს. ლეკოს თქმით, „მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს ვინ ხარ, რა გზა გამოიარე. თუნდაც დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იდეალური კერძი გავაგზავნეთ, თუკი მომხმარებელს არ მოსწონს, თანხას უპირობოდ ვუბრუნებთ. გვჯერა, რომ თუკი გრძელვადიანი ბიზნესგათვლა გაქვთ, მომხმარებელს უნდა მოუსმინოთ“. Inebe.ge-ს ამ ეტაპზე ჯეროვანი კონკურენტი ქართულ ბაზარზე არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალმა კომპანიამ მსგავსი პროდუქტის შექმნა მოისურვა და არაერთმა კაფემ დიეტური კვების მიტანის სერვისიც შექმნა, მარიტასა და ლეკოს პროდუქტის პირდაპირი კონკურენტის გახსენება უჭირთ. ბევრი შეცდომისა და რთული პერიოდების გავლის შემდეგ, Inebe.ge უკვე 2 წელია არსებობს და ყოლვედღიურად ახალ გზას ეძებს განვითარებისთვის.
სრულად ნახვა

ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობაზე საათობით შეუძლია ისაუბროს. პროფესიით ზოოინჟინერია, თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის ნამდვილი ექსპერტი. მისი ოჯახი მესხეთში თაფლს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა. იქამდე იმერეთში, წლების განმავლობაში, თაფლისა და თიხის წარმოებით ირჩენდა თავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობა ლამის გენეტიკურად გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ევროპაში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იმუშავა. საბოლოოდ, ფესვებს დაუბრუნდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. „წლების წინ ჩემი ოჯახის თაფლით ნახევარი თბილისი მარაგდებოდა“, − იხსენებს ირინე. ახლა კი ბრენდი „ირინოლა“ ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად, პროდუქციის გავრცელებას მთელ აზიაში გეგმავს. თაფლი უძველესი, 5500 წლის ისტორიის მქონე თიხის ქოთნების თანამედროვე ანალოგში იქნება ჩამოსხმული. „ირინოლას“დაფუძნების იდეა 2017 წელს მოუვიდა. საქართველოში საცხოვრებლად 2010-იან წლებში დაბრუნდა და გადაწყვიტა, ოჯახურ ბიზნესს თავად გაძღოლოდა. თუმცა მესხეთში, საოჯახო მამულში არსებული მეფუტკრეობა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ირინემაც თაფლის შესყიდვა მეზობელი წარმოებებიდან დაიწყო და საოჯახო ბიზნესის ბრენდირებას შეუდგა. სასწაულებრივ გადარჩენილი წარმოება იმერეთში მცხოვრებ ირინეს ბებია-ბაბუას საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მშობლიური ეზო-კარის დატოვება მოუწია. ირინეს ბაბუას ფუტკრების რამდენიმე ოჯახის მესხეთში წაყვანა სურდა. თუმცა, მეუღლის თხოვნით, ფუტკრების ოჯახები გზად დატოვა და ასე, ხელცარიელი გადაბარგდა ახალ სამოსახლოში. ბედად ახალ კარმიდამოში თურქი მესხი ოჯახის მიერ სკის სახელდახელოდ შექმნილი ანალოგი, იგივე გეჯა დახვდა. ბაბუამ მეფუტკრეობა გააგრძელა. საუკუნოვანი ოჯახური ტრადიცია დავიწყებას არ მიეცა. პირველსავე გაზაფხულზე ნათელი გახდა, რომ მესხეთი მეფუტკრეობისთვის იდეალური ადგილი იყო. ყვავილოვანი მცენარეებით მდიდარი კუთხე შესანიშნავი ადგილი იყო არომატული, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის საწარმოებლად. „ფუტკარი საოცარი რამაა. წარმოიდგინეთ, მას მერე, რაც ყვავილიდან წვენს, იგივე ნექტარს აიღებს, სკას უბრუნდება და მის დამუშავებას იწყებს. სითხეს ჩიჩახვში იმდენ ხანს იტოვებს, სანამ ბოლომდე არ მოამწიფებს. შემდეგ პროდუქტს ჰერმეტულ ფიჭაში ინახავს და აკონსერვებს. ფუტკარი სულ 7 ტიპის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა ფუტკრის შხამი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ძვირად ფასობს. ასევე, ფუტკრის რძე, და რა თქმა უნდა, თაფლი“. პროფესიით უკვე მეფუტკრე იყო, როდესაც ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სწავლა გადაწყვიტა. სამსახურში, მეფუტკრეობის რესპუბლიკურ გაერთიანებაში, პრაქტიკულ ცოდნას აკადემიური განათლება დაუმატა, შემდეგ კი ფუტკრისა და თაფლის კულტურის შესწავლა გააგრძელა. წლებთან ერთად კი სფეროს ნამდვილ ექსპერტად იქცა. გარდა იმისა, რომ მამას ეხმარებოდა, არაერთ კომპანიაში პროფესიით მუშაობდა. „ვმუშაობდი ფუტკრის გამრავლების, მოშენების თემაზე. შევისწავლე დარგის სტრუქტურა“, − იხსენებს ირინე. ამასობაში კი კაპანაძის ოჯახი ყოველწლიურად 500-1000 კილოგრამ თაფლს აწარმოებდა. მათ მიერ შექმნილი პროდუქტი როგორც ბაზარში, ისე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდებოდა. პროდუქცია ბრენდირებული არ იყო. თაფლს უბრალო ქილებში ასხამდნენ, არც ეტიკეტს აკრავდნენ, არც სტაბილურ შემსყიდველებსა და დისტრიბუტორებს ეძებდნენ. ევრიკა ირინეს საკუთარი ბიზნესის განვითარების იდეა „მადამვაინის“ დამფუძნებელმა, მანანა ახვლედიანმა შთააგონა. მეგობრის შეგონებით დაიწყო წარმოებაზე ფიქრი. მისი პირველი საფიქრალი თაფლის ჩამოსხმა და ის ჭურჭელი იყო, რომელშიც ქარვისფერი სუბსტანცია შეინახებოდა. „ლამის არქიმედეს მსგავსად, „ევრიკა“ წამოვიძახე, როცა მივხვდი, რომ თაფლი თიხის ქოთნებში უნდა ჩამომესხა“, − სიცილით იხსენებს ირინე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უძველეს სამარხში აღმოჩენილი თაფლი სწორედ თიხის ჭურჭელში ინახებოდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ირინეს შთაგონება. უპირველესად კერამიკოს მაია გადაბაძეს მიაკითხა და 5500 წლით დათარიღებული ქოთნების ანალოგის შექმნა სთხოვა. ირინე კაპანაძე თბილისში ცხოვრობს. თაფლი საკუთარი და მესხეთში მცხოვრებთა მეფუტკრეობიდან სწორედ ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოაქვს, თიხის ჭურჭელში ასხამს, ხუფავს, ცვილით კრავს და აფასოებს. ოჯახურ ბიზნესში ყველა წევრი ჩართულია. ირინე თაფლს საკუთარი ხელით „აბინავებს“, შემდეგ ფიჭის ფირფიტას სახურავზე ამაგრებს და ქოთანს კრავს. რაც შეეხება დახუფვის პროცესს, ქოთნის იდეის არ იყოს, ამ თემაზეც დიდხანს იფიქრა. „უცებ ბებიაჩემი მომაგონდა, რომელიც მურაბებს სწორედ ცვილის ფენით ხუფავდა. გადავწყვიტე, იგივე გამემეორებინა“. ცვილის თხელ ფენას თითოეულ ქოთანს საკუთარი ხელით უსვამს და ქოთანიც ჰერმეტულად იკვრება. „ვაწარმოებთ როგორც 300–გრამიან შეფუთვებს, ასევე, 100 და 150-გრამიან ქოთნებს. მცირე ზომის შეფუთვების შექმნის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ტურისტებს რამდენიმე 300-გრამიანი ქილის საზღვარზე გადატანა წონის გამო უჭირდათ. მცირე შეფუთვები მთლიანად ტურისტულ ნაკადებზეა გათვლილი და პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ფინანსურად ბევრად მომგებიანია, ვიდრე, 300-გრამიანი. „ირინოლას“ თაფლი აბანოთუბანში და სხვადასხვა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება. ეს ადგილები განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. მიყვარს საქართველოს ისტორია, თავისი დიადი და ძალზე საინტერესო წარსულით. ის ჩემი სულის ნაწილია, ახლობელი და მტკივნეული. თაფლის ეს უძველესი თიხის ქოთანი საუკუნეებს ითვლის. თითქოს უძველეს ეპოქაში, მსოფლიოში პირველი მეფუტკრე ქალის ამბავს მოგვითხრობს საუკუნეების გადმოსახედიდან მოტანილ სიტკბოსა და სიყვარულზე და თან გვეძახის − არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ საქართველოს ისტორია! ღვთის დიდ წყალობად მივიჩნევ, რომ ჩემი თაფლი აბანოთუბანში, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძრის ეზოში ინახება. იქ, სადაც ვახტანგ გორგასალმა თბილისქალაქი დააარსა. აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამაში უდიდესი წვლილი მამა ათანასე კარანაძეს მიუძღვის, ქართული კულტურის უდიდეს პატივისმცემელს და მოამაგეს. ჩვენი თაფლის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე ქართულ მარკეტშიც. ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კი ცოტა ხნის წინ ჩვენი პროდუქტის  Duty Free  მაღაზიებში განთავსება შემოგვთავაზა“. აზიურ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა „ირინოლას“ თაფლის სახელით, ბრენდის არსებობის წელიწადნახევრიან ისტორიაში, გაყიდული 2500 ქოთანია. წარმოება მთლიანად ოჯახის ადამიანური რესურსით სულდგმულობს, შესაბამისად, თაფლის ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესი სტანდარტულზე ნელია. „ირინოლამ“ უკვე არაერთი ქვეყნის დაინტერესება შეძლო. მათ შორისაა ამერიკა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აზიური ბაზარი, ასევე ქართული მარკეტები. ქართული თაფლის ექსპორტზე გატანას გზაზე რამდენიმე პრობლემა ეღობება. უპირველეს ყოვლისა ევროპული და ამერიკული ბაზარი მწარმოებლისგან ხარისხის კონტროლის დადასტურებულ დოკუმენტაციას, იგივე ISO-ს სტანდარტს ითხოვს. ქვეყნის შიგნით თაფლის მწარმოებელთათვის ISO-ს დოკუმენტის მინიჭება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, თაფლის სინჯების ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნაა. ამ შემთხვევაშიც, პროდუქტის შეფასება 20 კომპონენტის მიხედვით ხდება მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებში თაფლის გასატანად, თითოეული პარტია 70 კომპონენტის მიხედვით უნდა შემოწმდეს. ამ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურები უკვე მუშაობენ. სანამ მეფუტკრეებს ქვეყნის ფარგლებშივე შეეძლებათ სტანდარტის დამადასტურებელი სრულფასოვანი დოკუმენტაციის მიღება, ირინე აპირებს ნაწარმი აზიურ ბაზარზე გაიტანოს, ქვეყნებში, რომლებშიც ISO-ს დამადასტურებელი სერტიფიკატი გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს. „დაინტერესება დიდია ბრიტანეთიდან, აშშ–იდან, სლოვენიიდან, შვედეთიდან, თუმცა სერტიფიკატის არქონა გვაფერხებს. შესაძლებელია თაფლის ექსპორტი ჩინეთში დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩინურ ბაზარზე შესვლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, 8000 ქოთანი მაინც უნდა ვაწარმოოთ“, − ამბობს ირინე. ამჟამად მისი ოჯახის მფლობელობაში 85 ოჯახი ფუტკარია. ეს რაოდენობა ჩინურ ბაზარზე გასასვლელად არ კმარა. თუმცა, ირინეს უკვე გამოცდილი აქვს მეზობელი მეფუტკრეებისგან თაფლის შეძენა. „მყავს კოლეგები, რომელთაც 400-500 ოჯახი ფუტკარი ჰყავთ. თაფლს წლებია მათგან ვყიდულობ“. „ირინოლას“ 300-გრამიანი სასაჩუქრე შეფუთვის ღირებულება მაღაზიებში 20 ლარს შეადგენს. ქოთნის ღირებულება 4 ლარია. საერთო ჯამში კი, პროდუქტის თვითღირებულება 14-15 ლარს უტოლდება. თითოეული ქოთანი თაფლის გაყიდვიდან „ირინოლას“ მოგება 2-3 ლარია. როგორც ირინე ამბობს, თაფლის გარდა, ტურისტების დაინტერესებას სწორედ ქოთნის დიზაინი იწვევს. „მე ქართული კერამიკისა და ქართული თაფლის პოპულარიზაციას ვეწევი“, – ამბობს ირინე. ირინეს უახლოეს გეგმებში „აპიმონდიაზე“ დასწრებაა. Apimondia მეფუტკრეთა საერთაშორისო ასოციაციაა. ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში კონგრესს მართავს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეფუტკრეებს იწვევს, ახალი პროდუქტის დეგუსტაციას აწყობს და მეფუტკრეებს ახალ ბაზრებზე გასვლის შანსს უზრდის. „აპიმონდია“ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ქართულ თაფლს უკვე მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი. მინდა, მეოთხეც ჩამოვიტანოთ. საერთაშორისო კონგრესზე ჩემი ქოთნით სხვა ქართველი მეფუტკრეების გვერდით წარვდგები“. საქმე იმაშია, რომ საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში სელის სამოსი იპოვეს, რომელიც გასანთლული იყო, კვლევის შედეგად კი სელის სამოსის ცვილის საფარზე ფუტკრის ფეხებიც იპოვეს. ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოში მეფუტკრეობის კულტურა შესაძლოა 8000 წლის წინ იყო განვითარებული, მოსახლეობას კი ფუტკრის მიერ წარმოებული ცვილის გამოყენება შეეძლო. გარდა ამისა, საკირეში წლების წინ აღმოჩენილ თიხის ქოთნებში ჩაკირული ნარჩენები დადასტურებულად თაფლია, რაც ზრდის შანსს, რომ საქართველომ, ღვინის გარდა, თაფლის სამშობლოს სტატუსიც მოიპოვოს. ირინე კაპანაძე რამდენიმე პროექტზეც მუშაობს. სურს, თაფლისა და წყლის შერევით მიღებული ტკბილი, გამაგრილებელი სასმელი დაამზადოს, რომელიც ქართულ ბაზარზე შაქრითა და სხვადასხვა კონსერვანტით გამდიდრებულ სასმელს ჩაანაცვლებს. ასევე, გეგმაში აქვს საბავშვო პროდუქტის ჯანსაღი ალტერნატივა – თაფლის ტკბილი ჩხირები შესთავაზოს მომხმარებელს. გარდა ამისა, ირინე ტურისტული ბიზნესის წამოწყებას აპირებს მესხეთში, რაბათის ციხიდან 8 კილომეტრში, სოფელ ანში. „ჩემს სოფელ ანში ტურისტული ნაკადები მუდმივად ჩამოდის. სოფლიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში აბასთუმნის ობსერვატორიაა. სოფელი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. გვსურს, ეგრეთ წოდებული აბორიგენული ტურიზმი წამოვიწყოთ – ანში ჩამოსულთ „კარვების საოჯახო სასტუმროები შევთავაზოთ, 6 ოჯახი შემოვასახლოთ და იმერულ-მესხური კულტურის ნაზავით, ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“. თუმცა, სანამ იდეებს  ბიზნესგეგმის  სახეს მისცემს, ბაჰრეინში, გლობალურ სამეწარმეო კონგრესზე GEN Georgia-ს სახელით გასამგზავრებლად ემზადება. აზიური ქვეყნების წარმომადგენლები კონგრესზე ახალ პარტნიორებს ეძებენ, რაც ირინე კაპანაძეს შანსს აძლევს, აზიურ ქვეყნებში ქართულ თაფლზე მოთხოვნა გააჩინოს და ბიზნესი გააფართოვოს.
სრულად ნახვა

"ღუნღულა" − ამ სახელწოდებით ქართული სტარტაპკომპანია ელექტროპუფებსა და ელექტრობალიშებს აწარმოებს. კომპანიის გუნდს ლილიკო ოსეფაშვილი, ასევე გიორგი და თორნიკე ჯანელიძეები წარმოადგენენ. ლილიკო იდეის ავტორი და სტარტაპის სულისჩამდგმელია. უმაღლესი განათლება ბიზნესადმინისტრირების კუთხით აქვს მიღებული. სწორედ ილიას უნივერსიტეტში სწავლის დროს მოუვიდა თავში პირველად თბილი პუფის იდეა, რომელიც შემდეგ რეალობად აქცია. იდეის განხორციელებისა და პარნტიორობისთვის გიორგი ჯანელიძეს დაუკავშირდა. თანამშრომლობა წარმატებით შედგა. იდეამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დიდი მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა. სწორედ ამის შემდეგ იქცა თბილი პუფები ოფიციალურ ბრენდ „ღუნღულად“. ლილიკოსა და გიორგის მალე თორნიკე ჯანელიძეც შეუერთდა და გუნდმა ერთობლივი ძალებით აქტიურად დაიწყო ელექტროპუფებისა და ბალიშების წარმოება. „ღუნღულას“ ორიგინალური პუფები განკუთვნილია გარე ტიპის კაფე-ბარებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, აგარაკისთვის. ასევე ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც მოსვენებულ მდგომარეობაში გათბობა სურს და უყვარს. პროდუქტი საკმაოდ ენერგოდამზოგავია და საათში მხოლოდ 90 ვატ ელექტროენერგიას მოიხმარს. ქართული სტარტაპის პუფები სრულიად უსაფრთხოა. დამზადებულია წყალგაუმტარი, 100%-ით პოლიესტერის ნაჭრისგან. ქსოვილი არ იხევა და ექვემდებარება რეცხვას. პუფის შიგთავსი უმაღლესი ხარისხის ე.წ. პენოპლასტისგან შედგება. სწორედ ამიტომ, „ღუნღულას“ პუფები განკუთვნილია ხანგრძლივი და კომფორტული მოხმარებისთვის.  ბრენდის მეორე პროდუქტს კი ელექტრობალიშები წარმოადგენს. ვინაიდან ყველა საკვები ობიექტის ექსტერიერი არ არის განკუთვნილი პუფებისთვის, ელექტრობალიშები სწორედ მათი თბილი ალტერნატივაა. ისინი სკამზე თავსდება და დენის წყაროში შეერთების შემდეგ თბება. ბალიშები უმაღლესი ხარისხის ღრუბლისგან მზადდება და თან კომფორტულად ჯდომის 3-წლიანი გარანტიაც მოყვება. 100%-იანი პოლიესტერის ნაჭერი კი არც ამ შემთხვევაში ატარებს წყალს. „ღუნღულას“ ელექტრობალიში, დასაჯდომ ბალიშთან ერთად, ღრუბლისგან დამზადებულ, ასევე გამათბობელ, მისაყუდებელ ბალიშსაც მოიცავს დამატებითი კომფორტისთვის. „ღუნღულას“ ორივე პროდუქტი, კომფორტულობასთან ერთად, სრულიად უვნებელია მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის. მეტი ადამიანის „თბილი“ მოსვენებისთვის კი კომპანიის გუნდი აქტიურად აგრძელებს საკუთარი პროდუქციის დახვეწაზე მუშაობას და სამომავლოდ „ღუნღულას“ გაცნობას მსოფლიოსთვისაც გეგმავს. 
სრულად ნახვა

„ატარე ანბანი“ − ბრენდი, რომელმაც ქართული ანბანი ნამდვილ სამკაულად აქცია და მისი სიამაყით ტარება შესაძლებელი გახადა. იგი დების − თამარ და ნესტან ამირეჯიბების წამოწყებაა. დიდი სურვილისა და მონდომების შემდეგ შეძლეს, რომ ქართული მოდერნიზებული ანბანი ვერცხლისა და ოქროს სადა, დახვეწილ სამაჯურებად ექციათ. „ყოველთვის გვინდოდა რაიმე ქართული, მოთხოვნადი და მარტივი პროდუქტი შეგვექმნა. ბევრი ფიქრის, შრომისა და ძალისხმევის შემდეგ,  შეიქმნა „ატარე ანბანი“, რომელმაც მოხიბლა როგორც ქართველები, ისე  უცხოელები. გვინდოდა ჩვენი ქვეყნის, უძველესი კულტურისა და           უნიკალური ანბანის განსაკუთრებულობა რაიმე ფორმით წარმოგვეჩინა. ამ სადა სამკაულით კი ეს წარმატებით შევძელით“, − უყვებიან ბრენდის დამფუძნებლები Entrepreneur-ს. ბრენდის მიზანი ანბანის მეშვეობით უძველესი კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი ემოციური ღირებულების შექმნაცაა. ტურისტებისთვის „ატარე ანბანი“ არის ქართული სუვენირი, რომელიც მათ ჩუქნის ემოციას და უტოვებს მოგონებებს საქართველოს შესახებ. ამ გზით კი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი − ანბანი, საქართველოს საზღვრებს გარეთ, მსოფლიოს არაერთ წერტილში ხვდება. ბრენდს სხვა ღირსებებიც აქვს: ასო-ნიშანი სახელის ინიციალია, ასევე ანბანში სასიამოვნო და დადებითი ეპითეტები იშიფრება. ეს კი დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებზე მომხმარებელს           მოტივაციას აძლევს საყვარელი ადამიანი ქათინაურით გაახაროს ან საუკეთესო სურვილები გაუმჟღავნოს. გამორჩეულია კიდევ ერთი მახასიათებელი: მომხმარებელს სუვენირის მიმართ მიკუთვნებულობის განცდა უჩნდება, რადგან მის სახელთან იდენტიფიცირდება და პირდაპირ ასახავს საკუთრებას. „ატარე ანბანს“ ადამიანებისთვის მოაქვს დაუვიწყარი ემოცია. ღირებულებებით სავსე ბრენდის შექმნის შემდეგ, დებმა ამირეჯიბებმა მონდომება არ დაზოგეს და მოკლე დროში ცნობადობა წარმატებით გაზარდეს. ეს კი აქტიური მარკეტინგული ნაბიჯებით, მედიაში და სოციალურ ქსელში   თანმიმდევრული კამპანიით, მომხმარებელზე ორიენტირებული               საქმიანობით, მათთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით და თბილისის                მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე სწორი პოზიციონირებით მოახერხეს. თანამედროვე ბიზნესელემენტების ცოდნისა და ქართული ანბანის სინთეზით, დღითი დღე იზრდება „ატარე ანბანის“ პოპულარობა. თანაც ის თანაბრად საინტერესოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.   დები აღნიშნავენ, რომ სამკაულების ბაზარზე უკვე შეინიშნება ტენდენცია, რაც აქსესუარების ბრენდების ანბანის მიმართულებით საქმიანობაში გამოიხატება. ამაში კი „ატარე ანბანის“ წვლილი დიდია. „ატარე ანბანის“ აქსესუარები ხელმისაწვდომია ტურისტულად აქტიურ ადგილებში, რომლის მიმართაც ტურისტები დიდ ინტერესს იჩენენ. მზარდი ინტერესის საპასუხოდ, განვითარება და ბრენდის გამრავალფეროვნება გრძელდება. ცოტა ხნის წინ პროდუქციას შეემატა მინანქრის ჯვრები − როგორც ბავშვებისთვის, ისე მამაკაცებისა და ქალებისთვის. ასევე ასორტიმენტს დაემატა ანბანის კულონები. მოთხოვნის შესაბამისად, მალე მომხმარებელს      ანბანის სამკაულის ახალ მოდელსაც შესთავაზებენ, რომლის შემთხვევაში რამდენიმე ასო-ნიშნის შებმა იქნება შესაძლებელი. მსურველებს უკვე შეეძლებათ საყვარელი ადამიანების სახელების ინიციალები, სახელები ან სხვა საყვარელი სიტყვები და ცნებები ატარონ. „ატარე ანბანს“ შორს მიმავალი გეგმები აქვს. მალე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აპირებს აქტიურად მოგზაურობას და მსოფლიოსთვის ქართული ანბანისა და კულტურის, სამკაულის ეგიდით გაცნობას.
სრულად ნახვა

„ჩაი გურიიდან 3“ ჩაის ახალი ბრენდია გურიიდან, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის სახეობები შესთავაზა. 2019 წელს გურიის მხარეში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სამი საწარმო გაერთიანდა. თითოეულ მათგანს მაღალხარისხიანი ჩაის წარმოების 20-25-წლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთო გამოცდილებით, სამი დამფუძნებელი – გიორგი ლომთათიძე, ვარლამ ლიპარტელიანი და გაბრიელ თენიეშვილი, გურული ჩაის ისტორიაში ახალი ფურცლის წერას, სახელწოდებით „ჩაი გურიიდან 3“ შეუდგნენ. პარალელურად, საქართველოში ქართული ჩაის ონლაინმაღაზია შექმნეს, რომელიც როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში უკვე პოპულარობით სარგებლობს. „ახალგაზრდა თაობამ გადავწყვიტეთ, ჩვენი მამების დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ შევქმენით ახალი ბრენდი „ჩაი გურიიდან 3“. ცოდნის გასაღრმავებლად ჩინეთს ვესტუმრეთ. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იქ შევისწავლეთ ჩაის ახალი ჯიშები, სახეობები, ტექნოლოგიები. ამან დიდი გამოცდილება შეგვძინა. გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა სხვადასხვა მაღალი ხარისხის ჩაი. ვიმედოვნებთ, რომ ამ წამოწყებით მყარად დავამკვიდრებთ ქართულ ჩაის ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ“, – აცხადებენ ჩაის საწარმოს დამფუძნებლები Entrepreneur-თან საუბრისას. „ჩაი გურიიდან 3“ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ნედლეულს გურიის მთიანი, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან იღებენ. კრეფისას მხოლოდ დუყს, ანუ ახლად გაშლილ სამ თოთო ფოთოლს კრეფენ, რაც ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგიის ზედმიწევნით დაცვასთან ერთად, ჩაის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. „ჩაი გურიიდან 3“-ის უსასუქო ჩაის ასორტიმენტში შემდეგი დასახელების პროდუქციას შეხვდებით: „ჩაი პრემიუმი“ (შავი და მწვანე) „ჩაი კლასიკი“ (შავი და მწვანე) „ველური მთის ჩაი“ „თეთრი ჩაი“ „ველური მოცვის ჩაი“ თითოეული მათგანის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებული და უნიკალურია. „ჩაი პრემიუმი“ გამორჩეული, იაპონური დაორთქლვის მეთოდით მზადდება. მისთვის ნედლეული აუცილებლად მაისსა და ივნისში, დილის 9:00-13:00 დროის მონაკვეთში იკრიფება. დაორთქლვა, ანუ ფიქსაცია მოკრეფიდან ნახევარ საათში ტარდება. „ჩაი პრემიუმს“ გამჭვირვალე, კრიალა ფერი, ხილისა და კენკრის სურნელოვანი არომატი ახასიათებს. „თეთრი ჩაი“, ჩაის კვირტისა და ერთი ფოთლისგან, განსაკუთრებული შრობის მეთოდით, ბიოქიმიური ჩარევის გარეშე მზადდება. ის სრულად ინარჩუნებს ისეთივე საგემოვნო თვისებებს, როგორიც ნედლ ფოთოლს ჰქონდა. ახასიათებს იშვიათი სამკურნალო თვისებები. ამ ეტაპზე ჩაის ეს სახეობა შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. „ველური მოცვის ჩაი“ 100%-ით ბიოპროდუქტია, რომელიც ალპურ ზონაში, მხოლოდ ნაზი ფოთლების სახით იკრიფება და შავი ჩაის ტექნოლოგიით მზადდება. მისი ნაყენი მუქი-მოყავისფრო შეფერილობით ხასიათდება და მასაც არაერთი სამკურნალო თვისება აქვს. „ველური მთის ჩაი“ კი არომატულად სრულიად გამორჩეული ბიოპროდუქტია. ახასიათებს განსაკუთრებული სურნელი და მყარი ნაყენი. „გვჯერა, რომ ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ექსპორტის საკითხებზე. ჩვენი ჩაის ნაყენზე ჩეხეთში უკვე დაამზადეს ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც სულ მალე საქართველოშიც იხილავთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ წინსვლისთვის“, – ამბობს გიორგი ლომთათიძე, „ჩაი გურიიდან 3“-ის თანადამფუძნებელი და ასევე ამატებს, რომ კომპანიის მისიას ქართული, გურული ჩაის, მისი უნიკალური მახასიათებლების როგორც მთელი საქართველოსთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის გაცნობა წარმოადგენს. „ჩაის პლანტაციებს პერიოდულად სტუმრობენ აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, უმეტესად ჩეხეთიდან. ტურისტული სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალოდ ყოველწლიურად 70-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ, რომლებიც ჩვენთან 6-7 დღის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი აკვირდებიან საწარმოო პროცესებს და აგემოვნებენ მათ მიერვე დაკრეფილ ჩაის“. გუნდი წარმოების გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვას ყოველდღიურად აგრძელებს.
სრულად ნახვა