The Economist - მსოფლიო 2021!
10დეტალური აღწერა:
იღბლიანი ხართ? რიცხვი 21 იღბალს, რისკს, შანსის გამოყენებას და კამათლის გაგორებას უკავშირდება. ეს არის: წერტილების რაოდენობა სტანდარტულ კამათელზე; შილინგების რაოდენობა ერთ გიენაში, სანაძლეოებისა და ცხენების რბოლის ვალუტაში; მინიმალური ასაკი სამორინეში შესვლისათვის ამერიკაში; აზარტულთა საყვარელი ბანქოს თამაშის ნაირსახეობების სახელწოდება (მათ შორისაა ◊ბლექჯეკი“).
ეს ყოველივე უცნაურად ეხმიანება მომავალი წლის უჩვეულო გაურკვევლობას. კორონავირუსის პანდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევა შემოთავაზებული დიდი პრიზია. ამასობაში, სახეზეა ჯანმრთელობასთან, ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობასთან და სოციალურ სტაბილურობასთან დაკავშირებული უამრავი რისკი. 2021 წლის დადგომასთან ერთად, გამოვყოფთ 10 ტენდენციას, რომლებსაც წლის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ.
1 ბრძოლა ვაქცინების გარშემო. პირველი ვაქცინების ხელმისაწვდომობის შემდეგ, მათი შექმნის გმირული ძალისხმევიდან ყურადღება მათი თანაბრად განაწილების მეტად საფრთხილო ამოცანაზე გადადის. ვაქცინის დიპლომატია ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით ბრძოლის ნაწილი იქნება. ეს ბრძოლა იქნება იმაზე, თუ ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინა. გაურკვევლობა: რამდენი ადამიანი იტყვის უარს შეთავაზებულ ვაქცინაციაზე?
2 არაერთგვაროვანი ეკონომიკური აღდგენა. პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პროცესი თანმიმდევრული არ იქნება, ვინაიდან ვირუსის ლოკალური აფეთქებები არაერთხელ მოხდება და მინავლდება. ამასთან, კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერიდან, მთავრობები უმუშევრად დარჩენილების მხარდაჭერაზე გადადიან. ძლიერ და სუსტ კომპანიებს შორის უთანაბრობა გაღრმავდება.
3 ახალი მსოფლიო უწესრიგობის მოგვარება. რამდენად შეძლებს შტატების ახალი პრეზიდენტი ნგრევამდე მისული საერთაშორისო წესრიგის აღდგენას? პარიზის კლიმატის შეთანხმება და ირანის ბირთვული შეთანხმება აშკარა საკითხებია, საიდანაც ეს უნდა დაიწყოს. თუმცა, ნგრევის მომხრენი დონალდ ტრამპამდეც არსებობდნენ და მისი პრეზიდენტობის შემდგომაც იქნებიან.
4 მეტი დაძაბულობა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში. არ უნდა ელოდოთ, რომ ბატონი ბაიდენი ჩინეთთან სავაჭრო ომს დაასრულებს. ამის ნაცვლად, მას მოკავშირეებთან ურთიერთობის გამოსწორება სურს, რათა ეს მეტოქეობა უფრო ეფექტიანად წარმართოს. მრავალი ქვეყანა, აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მზარდი დაძაბულობის პირობებში, მხარეს არჩევა თავიდან აიცილოს.
5 კომპანიები წინა ხაზზე. ამერიკა-ჩინეთის კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის ხაზი კომპანიებს შორის გადის და ამის ცხადი მაგალითები მხოლოდ Huawei და TikTok როდია. ბიზნესი გეოპოლიტიკური ბრძოლის განუყოფელი ნაწილი სულ უფრო მეტად ხდება. ისევე, როგორც ◊ზემოდან“, ბიზნესლიდერები წნეხს ◊ქვემოდანაც“ განიცდიან. დასაქმებულები და მომხმარებლები ითხოვენ, რომ კორპორაციებმა კლიმატის ცვლილებისა და სოციალური სამართლიანობის საკითხები გაითავისონ (საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად, პოლიტიკოსებმა ცოტა რამ გააკეთეს).
6 ტექნოლოგიური აქსელერაციის შემდეგ. პანდემიამ 2020 წელს ბევრი ტექნოლოგიური ჩვევის დამკვიდრებას შეუწყო ხელი (ვიდეოკონფერენციები, ონლაინვაჭრობა, დისტანციურად მუშაობა და სწავლა). 2021 წელს უფრო ნათლად გავიგებთ, ეს ჩვევები დარჩება თუ გაქრება.
7 ნაკლებად მოძრავი მსოფლიო. ტურიზმი შემცირდება და სახეს იცვლის. ქვეყნებში შიდა მოგზაურობების რაოდენობა მოიმატებს. გაუჭირდებათ ავიაკომპანიებს და სასტუმროების ქსელებს, ისევე, როგორც უნივერსიტეტებს, რომლებიც უცხოელ სტუდენტებზე არიან დამოკიდებული. კულტურული გაცვლითი პროგრამები ასევე შემცირდება.
8 კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებული შესაძლებლობა. მიმდინარე კრიზისის ფონზე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობის გაძლიერების შანსი ჩნდება. მთავრობები ◊მწვანე აღდგენისათვის“ ინვესტირებას ახდენენ, რაც მიზნად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ემისიების შემცირებას ისახავს. რამდენად ამბიციური აღმოჩნდება გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულებები, რომლებსაც ქვეყნები 2020 წლიდან გადმოტანილ გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე განაცხადებენ?
9 დეჟავიუს წელიწადი. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აღვიქვათ (მრავალი თვალსაზრისით) მომავალი წელი − 2020 წლის განმეორება. ღონისძიებები, როგორიცაა ოლიმპიადა, დუბაის ექსპო და მრავალი სხვა პოლიტიკური, სპორტული, კომერციული შეკრება, გასული წლის ნაცვლად, ახლა 2021-ში იგეგმება. ზოგიერთი მათგანი ახალ თარიღებშიც ვერ განხორციელდება.
10 გამოღვიძების ზარი სხვა რისკ-ფაქტორებისათვის. წლების განმავლობაში, პანდემიის საშიშროების შესახებ ბევრი მეცნიერი და ანალიტიკოსი საუბრობდა. აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები შეეცდებიან გამოიყენონ შესაძლებლობის ვიწრო ფანჯარა, რათა პოლიტიკოსებმა სერიოზულად მიიღონ სხვა უგულებელყოფილი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და ბირთვული ტერორიზმი. მათ წარმატებას ვუსურვებთ.
თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, არათანაბარ ეკონომიკურ აღორძინებასა და გეოპოლიტიკურ ვითარებას, მომავალი წელი განსაკუთრებით არაპროგნოზირებადი იქნება. იმედი გვაქვს, ეს წლიური გამოცემა რისკისა და შესაძლებლობების მართვაში დაგეხმარებათ და წარმატების შანსს გაზრდის.
და კიდევ, ყოველივე განწირული და მუქ ფერებში არ არის. ჩვენი სპეციალური განყოფილება − ◊შოკის შემდგომ“, კრიზისიდან მომდინარე პოზიტიური ცვლილებების ჭრილში ზოგიერთ მაგალითსა და შესაძლებლობას განიხილავს. ასე რომ, დაე, გაგორდეს კამათელი. რაც უნდა ბანქო დაგირიგდეთ 2021 წლისათვის, მუდამ ფსონების გამართლებას გისურვებთ.
ტომ სტენდეიჯი
რედაქტორი, The World in 2021